იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვერ ხედავს აზრს სოციალურ ქსელებში დაწყებული კამათის გაგრძელებაში და ახლა მთავარი ამოცანა ორმხრივი თანამშრომლობის აღდგენაა.

„არ ვაპირებ ამ კამათის გაღვივებას. მიმაჩნია, რომ შეერთებულ შტატებთან ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ნორმალურ მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს“, – განაცხადა მელონიმ.

მელონიმ ასევე შეაფასა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის გადაწყვეტილება, რომელმაც მელონსა და ტრამპს შორის დაპირისპირების ფონზე აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ნაბიჯი სწორი იყო და გარკვეული სიგნალი გააგზავნა, თუმცა ახლა დაპირისპირების გაღრმავება საჭირო აღარ არის.

იტალიის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სჯერა, მომხდარი დაპირისპირება იტალია-აშშ-ის ურთიერთობებზე გრძელვადიან უარყოფით გავლენას არ მოახდენს.

„ეს არის ორი სახელმწიფო, რომელსაც იმდენად ხანგრძლივი და ძლიერი თანამშრომლობის ისტორია აქვს, რომ მისი უბრალოდ წაშლა და ხელახლა გადახედვა შეუძლებელია მხოლოდ სოციალურ ქსელებში მომხდარი კამათის გამო“, – განაცხადა მელონიმ.

მისივე თქმით, იტალიისა და აშშ-ის ურთიერთობები არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, ვინ არის კონკრეტულ მომენტში ხელისუფლებაში.

„იტალიასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები არ იწყება და არ მთავრდება იმის მიხედვით, ვინ არის ამჟამად ხელისუფლებაში. ჩვენ საგარეო პოლიტიკა უნდა დავაბრუნოთ იმ სიღრმისა და მნიშვნელობის დონეზე, რომელზე ყოფნასაც ის იმსახურებს“ – აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ჯორჯია მელონის შესახებ განაცხადა: „ის მეხვეწებოდა, რომ მასთან ფოტო გადამეღო. ძალიან უნდოდა ჩემთან ფოტოს გადაღება. მე ამას არც კი გავაკეთებდი, მაგრამ შემეცოდა. ალბათ ბედნიერია, რომ ვესაუბრე. არ ვიყავი ვალდებული, მასთან მესაუბრა“. დონალდ ტრამპის ამ განცხადებას გამოეხმაურა ჯორჯია მელონი და აღნიშნა: „დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად შეთხზულია, არც იტალია და არც მე არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს“.