აშშ მზად არის, ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში დაიცვას ისრაელი, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, რთულია ირანის მხრიდან იერიშის შესაძლებლობის განსაზღვრა, თუმცა დაამატა, რომ თეთრი სახლი ირანული მხარის განცხადებებს სერიოზულად აღიქვამს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი კვლავ მზად არიან, თავდასხმა განახორციელონ, თუ ამის გაკეთება ენდომებათ, ამიტომ რეგიონში გაძლიერებული სამხედრო მზადყოფნა გვაქვს“, – განაცხადა კირბიმ ისრაელის ტელევიზიასთან ინტერვიუში.

კირბის თქმით, აშშ-ს გზავნილი ირანის მიმართ ყოველთვის თანმიმდევრული იყო და ასეც იქნება.

„პირველი გზავნილია: ნუ გააკეთებთ ამას. არ არსებობს მიზეზი ესკალაციისთვის. არ არსებობს მიზეზი, რომ პოტენციურად დაიწყოს რეგიონული ომი; ხოლო მეორე: ჩვენ მზად ვიქნებით, დავიცვათ ისრაელი, თუ ეს საჭირო გახდება“, – განაცხადა კირბიმ.