ჯო ბაიდენის თქმით, ადმინისტრაციამ უკვე გადაწყვიტა თუ როგორ უპასუხებს იორდანიაში აშშ-ს ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ დრონის თავდასხმას.

პრო-ირანული დაჯგუფებების მიერ 28 იანვარს განხორციელებულ შეტევას 3 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, დაჭრილია 34 - ეს ღაზაში ომის დაწყების შემდეგ რეგიონში ამერიკელი სამხედროების დაღუპვის პირველი შემთხვევაა.

თავის მხრივ, ირანი შეტევაში მონაწილეობას უარყოფს. ჟურნალისტების კითხვაზე, მიიჩნევს, თუ არა ჯო ბაიდენი დამნაშავედ ირანს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ირანი პასუხისმგებელია მომხდარზე რამდენადაც სწორედ ის ამარაგებს შეიარაღებით ამ დაჯგუფებებს.

ბაიდენის თქმით, ადმინისტრაცია ჩამოყალიბებულია საპასუხო ზომებზე, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რაზეა საუბარი, თუმცა დასძინა - "არ ვფიქრობ, რომ ახლო აღმოსავლეთში უფრო დიდი ომი გვჭირდება."