ტიტანიკის რეჟისორმა, ჯეიმს კამერონმა, რამდენიმე დღის წინ ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის გარშემო დატრიალებულ ტრაგედიაზე ისაუბრა, რომლის მგზავრებიც ჩაძირული ტიტანიკისკენ მიემართებოდნენ. ოსკაროსანი რეჟისორი, რომელსაც ასევე ოკეანის სიღრმეში ყვინთვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, იმ რისკებზე საუბრობს, რომელიც ამ წამოწყებას თან ახლდა.
"OceanGate-ს ეს არ უნდა გაეკეთებინა. შეიძლება, ამის შესახებ უფრო ხმამაღლა და საჯაროდ უნდა მესაუბრა. მაგრამ, არც მიეჭვია, რომ მათ უსაფრთხოების სერტიფიკატებიც კი არ ჰქონდათ. ეს საკითხი არ შემისწავლია და ამით დიდად არ დავინტერესებულვარ.
ამ უბედურებმა, ვგულისხმობ მამას და შვილს, მათ ნახევარი მილიონი გადაიხადეს. ეს უბრალოდ ტრაგედიაა. მე ხომ ვიცი, რაც არის ტიტანიკი. ის ბევრს ნიშნავს ჩვენთვის ისტორიული და სოციალური თვალსაზრისით, მაგრამ მისი ბედი არის ის გაფრთხილება, რომელსაც ჩვენ ვაიგნორებთ. ეს გემი ფსკერზე არა იმიტომ არის, რომ მას მეტალმა უმტყუნა, იგი შეცდომის გამო ჩაიძირა. კაპიტანს აფრთხილებდნენ, რომ წინ აისბერგი იყო, ის ღამე კი ბნელი და უმთვარო იყო. მაგრამ, კაპიტანმა წინ წასვლა გადაწყვიტა. ვფიქრობ, მიზეზი სიამაყე და თავმომწონეობა იყო. მათ გაზეთის პირველ გვერდზე უნდოდათ მოხვედრა. მე ეს ფილმშიც მაქვს ნაჩვენები.
იცით, ყველაფერი მეორდება და იმავე ადგილას. როგორც ყველამ იცის, ახლა ძველი ნაწილების გვერდით, ახალი ნაწილებია. და ყველაფერი იმავე მიზეზების გამო მოხდა.
ძებნა 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ისინი ეძებდნენ ყველგან, მთელს ოკეანეში. წყალქვეშა ნავი კი იქ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო, უბრალოდ ოკეანის ფსკერზე, ზუსტად იმ კოორდინატებზე, როდესაც მასთან კავშირი გაწყდა. ანუ, როდესაც ძებნას იწყებ, ბოლო ცნობილი ლოკაციიდან უნდა დაიწყო. ამ დროს კი, მთელი 4 დღის განმავლობაში, ადამიანები პანიკაში იყვნენ. არც კი მინდა იმის წარმოდგენა, თუ რა გამოიარეს ამ დროის განმავლობაში მათმა ოჯახებმა.
ორშაბათს დილით, როდესაც ამ კატასტროფის შესახებ გახდა ცნობილი, ბევრი შეტყობინება დამხვდა. სწორედ მაშინ, როდესაც ნავთან კავშირი გაწყდა, იგი განადგურდა, ამასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი მაქვს. რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა სცენარების წარმოდგენა ვცდილობდი, მაგრამ სხვა სცენარები უბრალოდ არ მუშაობდა. მე ვიცოდი, რომ წყალქვეშა ნავი წყლის წნევის შედეგად აფეთქდა და ყველას დავუგზავნე წერილები, სადაც ვწერდი, რომ რამდენიმე მეგობარი დავკარგეთ. ეს ჯერ კიდევ ორშაბათ დილით დავწერე.
ჩვენ ასეთ სცენარს არ ველოდით. ყოველთვის შეიძლება რაღაც გაფუჭდეს, რაღაც მწყობრიდან გამოვიდეს, მაგრამ არასდროს ვფიქრობთ ყველაზე მთავარზე - იმ აღჭურვილობის საიმედოობაზე, რომლითაც ვსარგებლობთ. და აფეთქების შესახებ ნამდვილად არ გვიფიქრია. ბევრი სანერვიულო საკითხი იყო, რომლის შესახებაც მეც ვიცოდი და ეს მაშფოთებდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტთან მე კავშირი არ მქონია, ვინაიდან მაშინ მე "ავატარ 2"-ს ვიღებდი. მაგრამ ბევრმა სპეციალისტმა მიწერა წერილი OceanGates-ს, სადაც წერდნენ, რომ მათ აუცილებლად უნდა აეღოთ სერტიფიკატი, სხვაგვარად არ შეიძლება ადამიანების ფსკერზე ჩაყვანა, ეს კატასტროფას გამოიწვევს. ზუსტად ასე წერდნენ - კატასტროფამდე.
სიმართლე გითხრათ, ამ ტექნოლოგიის არასდროს მჯეროდა, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს საშინელი იდეაა. ალბათ ხმა უნდა ამომეღო, მაგრამ ვფიქრობდი, რომ არის ვინმე ჩემზე უფრო ჭკვიანი. ვიცოდით, რომ თუ ნავი წნევას გაიძლებდა, ის პირველ ჩასვლას წარმატებით განახორციელებდა, მაგრამ მეშვიდე ცდაზე, ის შეიძლება განადგურებულიყო. ჩემი ერთი ნაწილი ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა ვცდებოდი, მაგრამ მეორე ნაწილმა ზუსტად იცოდა, რომ მე არ ვცდებოდი", - ამბობს ჯეიმს კამერონი.
შეგახსენებთ, რომ კომპანია OceanGate-ის ტურისტული წყალქვეშა ნავი, რომელიც ჩაძირული ტიტანიკისკენ მიემგზავრებოდა, 18 ივნისს გაუჩინარდა. ბორტზე მყოფ 5 ადამიანთან კავშირი წყალში ჩაშვებიდან საათისა და 45 წუთის შემდეგ გაწყდა. აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახური და კომპანია OceanGate ადასტურებენ, რომ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაცვლილია.