აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა თქვა, რომ რუსები სამ-ნახევარი წლის განმავლობაში პირველად სამშვიდობო მოლაპარაკებებში სერიოზულ დათმობებზე წავიდნენ, კერძოდ, აღიარეს, რომ კიევში მარიონეტულ რეჟიმს ვერ დაამყარებენ და რომ ომის შემდეგ უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად გარკვეული უსაფრთხოების გარანტია ექნება. ამის შესახებ ვენსმა NBC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.

"ვფიქრობ, ამ კონფლიქტის სამ-ნახევარი წლის განმავლობაში პირველად რუსები სერიოზულ დათმობებზე წავიდნენ პრეზიდენტ ტრამპთან. რეალურად მზად არიან, რომ მათ ზოგიერთ ძირეულ მოთხოვნაზე მოქნილი პოზიცია ჰქონდეთ. ილაპარაკეს იმაზე, თუ რა იქნება ომის დასასრულებლად საჭირო. რა თქმა უნდა, ისინი ჯერ არ მორჩენილან, თორემ ომი დასრულებული იქნებოდა, თუმცა ამ დიპლომატიურ პროცესში კეთილგანწყობით ვართ ჩართულები, ვცდილობთ, რამდენადაც შეგვიძლია, მოლაპარაკებები ვაწარმოოთ, რომ როგორც რუსები, ისევე უკრაინელები საშუალო პოზიციაზე შეთანხმდნენ, რათა მკვლელობა შეწყდეს". - თქვა ვენსმა. 

ვენსი აღნიშნავს, რომ რუსეთი "ყველა დათმობაზე" არ წასულა, თუმცა, მისი აზრით, მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესია.

"რაც დათმეს ეს არის აღიარება, რომ უკრაინას ომის შემდეგ ტერიტორიული მთლიანობა ექნება. აღიარეს, რომ კიევში მარიონეტული რეჟიმის დამყარებას ვერ შეძლებენ, ეს, რა თქმა უნდა, დასაწყისში მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო. რაც მნიშვნელოვანია, მათ აღიარეს, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის გარკვეული უსაფრთხოების გარანტია იარსებებს. კიდევ ერთხელ, ყველა დათმობაზე წავიდნენ? რა თქმა უნდა, არა. ომი უნდა დაეწყოთ თუ არა? რა თქმა უნდა, არა, თუმცა პროგრესი გვაქვს". - თქვა ვენსმა. 

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ომი "ერთ ღამეში" არ დასრულდება და მოლაპარაკებების განმავლობაში "ზოგჯერ ფიქრობენ, რომ რუსებთან დიდ პროგრესს მიაღწიეს", ხოლო ზოგჯერ ტრამპი რუსეთით "ძალიან გაღიზიანებული იყო". 

"ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ რუსებთან დიდ პროგრესს მივაღწიეთ, ხოლო ზოგჯერ, როგორც პრეზიდენტს აქვს ნათქვამი, რუსებით ძალიან გაღიზიანებული იყო. გავაგრძელებთ იმის კეთებას, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, რათა ეს რაღაც დავასრულოთ. ვფიქრობ, რომ ეს ერთ ღამეში არ მოხდება, ვფიქრობ, რომ პროგრესს გავაგრძელებთ, თუმცა საბოლოოდ ის, შეწყდება თუ არა მკვლელობა, იმაზეა დამოკიდებული, რუსები და უკრაინელები აქ რეალურად საშუალო პოზიციაზე შეთანხმებას მოახერხებენ თუ ვერა". - თქვა ვენსმა. 

ამასთან, ვენსის თქმით, აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს, თუმცა ამ გადაწყვეტილებას კონკრეტული გათვლების საფუძველზე მიიღებენ.

"სანქციები კვლავ განიხილება, თუმცა ამ გადაწყვეტილებას კონკრეტული სიტუაციის მიხედვით მივიღებთ, რას ვფიქრობთ, რას ექნება რეალურად სწორი გავლენა, რომ რუსები მოლაპარაკებების მაგიდასთან მოვიყვანოთ". - თქვა ვენსმა.