სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მიროსლავ ლაიჩაკი, თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მას სექსუალურ დანაშაულში მსჯავრდადებულ ჯეფრი ეპშტეინთან მიმოწერა ჰქონდა. 

ფიცომ გადადგომის შესახებ ლაიჩაკის მხრიდან განცხადება 31 იანვარს მიიღო. მანამდე აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ეპშტეინის საქმის მასალებთან დაკავშირებული მილიონობით დოკუმენტის ახალი და საბოლოო ფაილები გამოაქვეყნა, რასაც საფუძვლად დაედო ნოემბერში მიღებული კანონი, რომელმაც ეპშტეინთან დაკავშირებული ყველა ჩანაწერის გასაჯაროების ვალდებულება შექმნა.

ჯეფრი ეპშტეინი ამერიკელი ფინანსისტი იყო, რომელიც არასრულწლოვანთა ტრეფიკინგს ეწეოდა - ის ტრეფიკინგისა და პედოფილიის ბრალდებით დააკავეს - დაკავებიდან მალევე ის საკუთარ საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა.

Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში ფიცომ ლაიჩაკს "დიდებული დიპლომატი" უწოდა და აღნიშნა, რომ სლოვაკეთი "დიპლომატიასა და საგარეო პოლიტიკაში გამოცდილების შესანიშნავ წყაროს" კარგავს. ლაიჩაკი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2009-2010 და 2012-2020 წლებში იკავებდა. 

ახლად გავრცელებულ მასალებს შორის იყო ეპშტეინსა და ლაიჩაკს შორის არაფორმალური ხასიათის პირადი მიმოწერა, რომელშიც ასევე განხილული იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან ლაიჩაკის შეხვედრებიც. 

მასალების გასაჯაროების შემდეგ ლაიჩაკმა უარყო რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა და განაცხადა, რომ ეპშტეინთან მიმოწერა არაფორმალური და მსუბუქი ხასიათის იყო, თუმცა, სლოვაკური მედიის ცნობით, საბოლოოდ მან თანამდებობიდან გადადგომა გადაწყვიტა, რათა ფიცოსთვის უარყოფითი პოლიტიკური შედეგები აერიდებინა. 

"არა იმიტომ, რომ რაიმე დანაშაულებრივი ან არაეთიკური ჩავიდინე, არამედ იმიტომ, რომ მას პოლიტიკური საფასურის გადახდა არ მოუწიოს რაღაცისთვის, რაც მის გადაწყვეტილებებთან კავშირში არ არის." - თქვა ლაიჩაკმა. 

30 იანვარს აშშ-ს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ტოდ ბლანშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარასკევს გამოქვეყნებული დოკუმენტები წარმოადგენს კანონმდებლობის ფარგლებში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გეგმურად ფაილების გამოქვეყნების დასასრულს. ბლანშის თქმით, გამოქვეყნებული მასალები მოიცავს 3 მილიონ გვერდზე მეტს, 2 000 ვიდეოსა და 180 000 სურათს.