გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ივეტ კუპერმა განაცხადეს, რომ მათი ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ. ამის შესახებ მათ ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

ივეტ კუპერმა აღნიშნა, რომ რუსეთის ჰიბრიდული ომის სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის დესტაბილიზაციას, საპირისპიროს შედეგს აღწევს.

„რუსეთმა ამ ომის განმავლობაში ვერ შეძლო თავისი სამხედრო მიზნების მიღწევა და, შედეგად, ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობენ ისინი მუდმივად ესკალაციას. ჩვენ განვაგრძობთ რეაგირებას დივერსიული საფრთხეების შესახებ, რომლებიც ვნახეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში. ეს არ შეგვიშლის ხელს უკრაინის მხარდაჭერაში, პირიქით, რადგან ვიცით, რომ უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა. ჩვენ განვაგრძობთ  უკრაინის გვერდით დგომას. ვფიქრობ, პუტინმა არასწორად შეაფასა უკრაინის მეგობრების ერთგულება და მონდომება“, – აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულმა კი განაცხადა, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინელების გვერდით დგომა.

„პუტინის გეგმა, რომ მთელ ქვეყანაში გაავრცელოს სიცივე, სიბნელე და შიში, არ უნდა იყოს წარმატებული. სწორედ ამიტომ, განვაგრძობთ მუშაობას რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად, უკრაინის მტკიცე მხარდაჭერით, დამატებითი სანქციებით და, უპირველეს ყოვლისა, შეუპოვრობით. ჩვენ არ შევწყვეტთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერას. არ შევჩერდებით, ვიდრე რუსეთი საბოლოოდ არ გამოავლენს მზადყოფნას მშვიდობისთვის“, – აღნიშნა ვადეპულმა.

თარგმანი: პირველი არხი