ჩემი ქვეყანა და ხალხი ახლა დგას გზაგასაყარზე – ან საქართველო განაგრძობს, გახდეს თავისუფალი და წმინდა სამყაროს ნაწილი, ან კვლავ გახდება რუსეთის ნაწილი, როგორც ეს იყო საბჭოთა დროს, – ამის შესახებ „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ივანე ჩხიკვაძემ აშშ-ის კონგრესში განაცხადა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე ე.წ. მოწმის სახით იყო მიწვეული.
„მადლობას გიხდით ამ მნიშვნელოვანი მოსმენისთვის. მსურს, ყურადღება გავამახვილო საქართველოში არსებულ უახლეს მოვლენებზე და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიის უკან დახევაზე რუსული სტილის კანონით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ, რომელიც ახლახან იქნა მიღებული მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ. ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი ახლა დგას გზაგასაყარზე. ან საქართველო განაგრძობს, გახდეს თავისუფალი და წმინდა სამყაროს ნაწილი, ან კვლავ გახდება რუსეთის ნაწილი, როგორც ეს იყო საბჭოთა დროს.
ქართველი ხალხის არჩევანი ნათელია, ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ვხედავთ საქართველოს მომავალს ევროკავშირსა და NATO-ში. მაშინ, როცა ქართველი ხალხის ხმამაღალი ხმა გაგებული იქნა აქ, ვაშინგტონში, ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაიგო ეს ხმა. კანონი სრულად წაშლის კრიტიკულ ხმებს და უკან დახევს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების გულუხვი მხარდაჭერით იყო შექმნილი, მათ შორის, აშშ-ის მხარდაჭერით“, – განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.