რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა ამერიკულ დელეგაციას განუცხადა, რომ სამშვიდობო გეგმის გარკვეულ ნაწილს შესაძლოა, დათანხმდეს, თუმცა ზოგიერთი ასპექტი განხილვის საგანია.
როგორც უშაკოვმა ჟურნალისტებს სტივ უიტკოფის, ჯარედ კუშნერისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, კომპრომისი ჯერ არ არის ნაპოვნი.
„ჩვენ შევძელით ზოგიერთ საკითხზე დათანხმება და პრეზიდენტმა ეს თავის თანამოსაუბრეებს დაუდასტურა. სხვა საკითხებმა კრიტიკა გამოიწვია. კომპრომისი ჯერ არ არის ნაპოვნი, თუმცა ზოგიერთი ამერიკული წინადადება მეტ-ნაკლებად მისაღები ჩანს და მათი განხილვა შესაძლებელია“, – აღნიშნა უშაკოვმა.
მისივე თქმით, შეხვედრისას განიხილებოდა სამშვიდობო გეგმის ოთხი ვარიანტი, რომლებიც ამერიკულმა მხარემ რუსეთს გადასცა.
როგორც პუტინის თანაშემწემ აღნიშნა, შეხვედრაზე ტერიტორიული საკითხებიც განიხილეს.
„განვიხილეთ კონკრეტული ტერიტორიული საკითხები, რომელთა გარეშეც კრიზისის გადაწყვეტას ვერ ვხედავთ“, – აღნიშნა მან.
უშაკოვის შეფასებით, უიტკოფის, კუშნერისა და პუტინის შეხვედრა კონსტრუქციული იყო.
„ხაზს ვუსვამ, მთავარია ის, რომ მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ ერთად მუშაობა უკრაინაში გრძელვადიანი შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ არ განვიხილეთ კონკრეტული ფორმულირებები ან წინადადებები, არამედ ის, თუ რა არსი დევს ამ ამერიკულ დოკუმენტებში“, – განუცხადა უშაკოვმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, პუტინმა პარტნიორებს სთხოვა, გადაეცათ მეგობრული მოკითხვა აშშ-ის პრეზიდენტისთვის და ასევე რიგი მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალები, რომლებიც შეხვედრაზე იქნა დაფიქსირებული.
თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელი







