ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, რუსული უპილოტო თვითმფრინავებისა და სარაკეტო დარტყმების მზარდი რეგულარული სერია, სავარაუდოდ, უკრაინაში რუსული საჰაერო კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს შეარყიოს უკრაინის კონტრშეტევების შესაძლებლობა.

როგორც ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს, 2023 წლის 19 აპრილიდან ოკუპანტებმა მთელ უკრაინაში სულ მცირე, 10 დარტყმის სერია განახორციელეს. ISW-ის თქმით, ახალი საჰაერო კამპანიის დროს რუსული ჯარები იყენებდნენ ბევრად ნაკლებ ზუსტად მართვად რაკეტებს, ვიდრე 2022 წლის შემოდგომაზე და 2023 წლის ზამთარში უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური დარტყმების დროს. რაც ექსპერტების აზრი, იმაზე მიუთითებს, რომ რუსულმა ჯარებმა რაკეტების მარაგი წინა საჰაერო კამპანიის დროს ამოწურეს.

გარდა ამისა, როგორც ISW აღნიშნავს, რუსები აგრძელებენ უკრაინის წინააღმდეგ ირანული დრონების გამოყენებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის დასაძლევად, თუმცა ახლა უკრაინული ძალები უფრო ეფექტურად აგდებდნენ რუსულ სისტემებს, ვიდრე წინა საჰაერო კამპანიის დროს.

ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, რომ როგორც ჩანს, ახალი რუსული საჰაერო კამპანია მეტად ორიენტირებულია კიევსა და უკრაინის სამხედრო ინდუსტრიულ და ლოგისტიკურ ობიექტებზე.

სავარაუდო სამიზნეები და ამ კამპანიის შეზღუდული ხასიათი მიუთითებს იმაზე, რომ რუსული ძალები შეშფოთებული არიან უკრაინის ამჟამინდელი შესაძლებლობებით. თუმცა, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი თვლის, რომ რუსეთის ფედერაციის დარტყმები უკრაინის წინააღმდეგ, არ ზღუდავს უკრაინული შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს.