ისრაელმა ღაზის სექტორის საზღვაო ბლოკადის გასარღვევად ღაზის სექტორისკენ დაძრული ფლოტილიის ნავების დაკავება დაიწყო და, მათ შორის, დააკავა ნავი, რომელზედაც აქტივისტი გრეტა ტუნბერგი იმყოფებოდა.
ისრაელელმა სამხედროები 47 ნავიდან, სულ მცირე, 6 ნავზე ავიდნენ და იქ მყოფი აქტივისტები, მათ შორის, გრეტა ტუნბერგი დააკავეს.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ ისრაელელი ჯარისკაცი ტუნბერგს დაკავების შემდგომ მის ნივთებს უბრუნებს. სამინისტროს ცნობით, "ტუნბერგი და მისი მეგობრები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან".
ისრაელში გადაყვანის შემდეგ დაკავებული აქტივისტების დეპორტაცია მოხდება.
"ჰამას-სუმუდის ფლოტილიის უკვე რამდენიმე ნავი უსაფრთხოდ შეჩერდა და მათი მგზავრები ისრაელის პორტში გადაჰყავთ. გრეტა და მისი მეგობრები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან". - წერია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დაკავების დაწყებამდე ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ღაზის სექტორთან მიახლოებული ფლოტილია გააფრთხილეს, რომ მიმართულება შეეცვალათ.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სამხედრო-საზღვაო ფლოტის ლეიტენანტი აქტივისტებს აფრთხილებს, რომ "ბლოკადირებულ ზონას უახლოვდებიან".
"თუ ღაზაში დახმარების მიტანა გსურთ, ამის გაკეთება დამკვიდრებული არხებით შეგიძლიათ. გთხოვთ, შეცვალოთ თქვენი კურსი აშდოდის პორტისკენ, სადაც დახმარება უსაფრთხოების შემოწმებას გაივლის და შემდგომ ღაზის სექტორში გადაიზიდება". - თქვა ლეიტენანტმა.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ნავების დაკავების დაწყებისას ტერორისტებმა ღაზიდან აშდოდის მიმართულებით ხუთი რაკეტა ისროლეს, რომელთაგან ოთხი ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა მოიგერია, ერთი კი ღია სივრცეში დავარდა. შედეგად არავინ დაშავებულა.
ისრაელის მოწოდება, რომ აქტივისტებმა ღაზის სექტორს ჰუმანიტარული დახმარება ალტერნატიული არხების გამოყენებით მიაწოდონ, სხვა სახელმწიფოებმაც გაიმეორეს, მათ შორის, იტალიამ, რომელმაც ფლოტილიას საკუთარი ხომალდები ბლოკადირებულ ზონამდე მიაცილა.