ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში "ჰამასის" პოზიციებზე საჰაერო იერიშები განახორციელა. ამის შესახებ 28 ოქტომბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ განაცხადა.
"უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ სამხედროებს უბრძანა, დაუყოვნებლივ დაეწყოთ მასშტაბური დარტყმები ღაზის სექტორზე", - ნათქვამია განცხადებაში.
მედიის ცნობით, ისრაელის საჰაერო დარტყმები ღაზის სექტორის სამხრეთით, ქალაქ ღაზაშიც განხორციელდა.
"ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმას 33 ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა, უცნობია დაღუპულები მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ "ჰამასის" წარმომადგენლები.
ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, "ჰამასი" ღაზის სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებზე თავდასხმასა და ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში დაადანაშაულა. კაცს არ დაუკონკრეტებია, სად მოხდა ეს თავდასხმა, თუმცა მედია იტყობინება, რომ ეს ეგვიპტის საზღვარზე, ქალარ რაფასთან მოხდა.
მომხდარს გამოეხმაურა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი. მისი თქმით, "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაშია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მცირე შეტაკებები არ იქნება".
ვენსმა დაადასტურა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნა "ჰამასმა", "ან ვინმე სხვამ ღაზის სექტორიდან".
"ჩვენ ველით, რომ ისრაელი ამაზე რეაგირებას მოახდენს. თუმცა, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის (ტრამპის) მიერ მიღწეული მშვიდობა ძალაში დარჩება", - დასძინა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს შარმ ელ-შეიხში გამართულ საერთაშორისო სამშვიდობო სამიტზე ხელი მოეწერა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.








