ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

დღეს დილით, პალესტინურმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაცია „ადალაჰმა“ განაცხადა, რომ სამხრეთ ისრაელში მდებარე ციხიდან „გლობალური სუმუდის ფლოტილიის“ დაახლოებით 430 აქტივისტი გაათავისუფლეს.  

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაცეი ვევიორმა დაადასტურა, რომ „გლობალურ სუმუდის ფლოტილიაში“ მონაწილე სამკაციანი ჯგუფის წევრები, რომელთაგანაც ორი პოლონეთის მოქალაქეა, თავისუფლები არიან და ისინი თავდაპირველად თურქეთში გაფრინდებიან.

„ეს რეისი, თუ სწორად მახსოვს, თურქეთის ავიახაზების მიერ იყო ორგანიზებული. ეს თვითმფრინავი ისრაელიდან სტამბოლში გაფრინდება“, - განაცხადა მაცეი ვევიორმა.

მან ასევე განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის სამინისტროს სთხოვა, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს პოლონეთში შესვლა აუკრძალოს. 

პროპალესტინური ჯგუფების მიერ ღაზის სექტორის მცხოვრებთა ჰუმანიტარული დახმარების მიზნით ორგანიზებული „გლობალური სუმუდის ფლოტილია“, რომლის შემადგენლობაშიც 50 გემი შედიოდა, თურქეთიდან 14 მაისს გავიდა. ისრაელმა 50-ვე გემი საერთაშორისო წყლებში დააკავა, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა კი სოციალურ ქსელში ატვირთა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ დადის იგი ისრაელის დროშის ქნევით მუხლებზე დაჩოქილ, ზურგს უკან ხელებშეკრულ და თავდახრილ აქტივისტებს შორის და ყვირის: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ისრაელში, აქ ჩვენ ვართ მმართველები“

ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ ისრაელი საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა.

აშშ-ის ელჩმა ისრაელში, მაიკ ჰაკაბიმ, სოციალურ ქსელში დაწერა: „ფლოტილია სულელური გამოხტომა იყო, მაგრამ ბენ გვირმა თავისი ერის ღირსება უღალატა“.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ, განაცხადა, რომ ბენ გვირის საქციელთან დაკავშირებით ისრაელის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინისტრი გააკრიტიკა მისი ვინაობის დასახელების გარეშე. თურქმა დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ პოლიტიკოსმა „კიდევ ერთხელ აჩვენა ნეთანიაჰუს მთავრობის სასტიკი და ბარბაროსული მენტალიტეტი“.

ესპანეთის მთავრობამ ასევე დაგმო ჰუმანიტარული ფლოტილიის აქტივისტების მიმართ მოპყრობა, ხოლო მადრიდში საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას ამაზრზენი, სამარცხვინო და არაადამიანური“ უწოდა.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ანანდმა, განაცხადა, რომ კანადაში ისრაელის ელჩი სუმუდის ფლოტილიაში ჩართული აქტივისტების მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ, ასევე დაიბარა ისრაელის ელჩი, რათა პროტესტი გამოეთქვა ისრაელის მინისტრის ქმედებების გამო.

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰელენ მაკენტიმ განაცხადა, რომ „შოკირებული და აღშფოთებულია ამ ჩანაწერით“.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიის, ბელგიის და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროებში ასევე დაიბარეს ისრაელის ელჩები.