ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ ღაზის სექტორის რამდენიმე ნაწილში "ფართო" სახმელეთო ოპერაციები დაიწყეს, რაც ახალი იერიშის საწყის ფაზას წარმოადგენს. თავის მხრივ, ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის კონტროლქვეშ მყოფი პალესტინელი ოფიციალური პირების თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის საჰაერო იერიშებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

"გასული დღის განმავლობაში, IDF-ის სამხედროებმა სამხრეთ სარდლობიდან, როგორც არმიის შემადგენლობამ, ასევე რეზერვმა, დაიწყო ფართო სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორის ჩრდილოეთსა და სამხრეთში, ოპერაცია "გედეონის ეტლების" წამოწყების ფარგლებში." - განაცხადა ისრაელის არმიამ.

ღაზაში ჩასულმა IDF-ის შტაბის უფროსმა, გენერალმა ეიალ ზამირმა თქვა, რომ არმია იერიშს გააგრძელებს, თუმცა ამავდროულად გამოიჩენს მოქნილობას, რათა არ ჩაიშალოს კატარში მიმდინარე მოლაპარაკებები მძევლების გათავისუფლებაზე.

ამასთანავე, IDF-ის სპიკერმა, ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ღაზაში ამჟამად ხუთი დივიზია მოქმედებს.