ისრაელის არმიამ ლიბანის სამხრეთში ავიაიერიში განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საჰაერო შეტევა "ჰეზბოლას" იარაღის საწყობსა და მიმდებარე მიწისქვეშა საცავზე განხორციელდა.

ისრაელის მედიის თანახმად, ინფრასტრუქტურა საზოგადოებრივი სპორტული და დასასვენებელი ცენტრის გვერდით მდებარეობდა.

"ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს "ჰეზბოლა" ლიბანელ მშვიდობიან მოქალაქეებს ცოცხალ ფარად სამოქალაქო ტერიტორიებიდან განხორციელებული ოპერაციებისთვის", – აცხადებენ ისრაელის სამხედროები.

მათივე თქმით, "ჰეზბოლა" ლიბანში ინფრასტრუქტურის აღდგენის მცდელობებს აგრძელებს და ასეთი ობიექტების არსებობა და ტერორისტული დაჯგუფების აქტივობა ამ ტერიტორიაზე "ისრაელსა და ლიბანს შორის არსებული შეთანხმებების დარღვევას წარმოადგენს".