მსოფლიოში უდიდესი გაზის საბადოს, „სამხრეთ ფარსის“ ფუნქციონირებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ცენტრზე სპარსეთის ყურის სანაპიროზე მდებარე გაზსაცავებსა და გადამმუშავებელ ქარხნებზე თავდასხმის შემდეგ ირანმა  გააფრთხილა, რომ უახლოეს საათებში საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ყატარის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე საპასუხო დარტყმებს განახორციელებდა.

ყატარის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთით, ინდუსტრიულ ქალაქ რას ლაფანში, ირანის თავდასხმის შედეგად, კატარის უდიდესი თხევადი ბუნებრივი აირის  წარმოების ობიექტთან ხანძარი გაჩნდა.

„სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მეხანძრეები ირანის თავდასხმის შედეგად გამოწვეულ ხანძარს აქრობენ რას ლაფანის რაიონში“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

რას ლაფანში თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება მარტის დასაწყისში შეჩერდა ერთ-ერთ ობიექტზე დრონებით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ.

სააგენტო „ფარსის“ მიერ მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირანმა ბაჰრეინში თხევადი ბუნებრივი აირის ქარხანაზე მიიტანა სარაკეტო იერიში.  

ობიექტი მდებარეობს ბაჰრეინის ერთ-ერთი კუნძულის საუდის არაბეთთან დამაკავშირებელი ხიდის მახლობლად. სააგენტოს ცნობით, აფეთქების შედეგად ქარხანაც მნიშვნელოვნად დაზიანდა.

აშშ ამტკიცებს, რომ მას არ დაურტყამს ირანის უდიდეს გაზის საბადოზე, სამხრეთ ფარსზე. ამის შესახებ CNN-მა აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით განაცხადა.

წყარომ აღნიშნა, რომ ისრაელმა განახორციელა დარტყმა ირანის ობიექტზე.

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მსოფლიოში უდიდეს ბუნებრივი აირის საბადოზე დარტყმა აშშ-მა და ისრაეელმა განახორციელეს. 

ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ირანის „სამხრეთ ფარსის“ ობიექტზე ისრაელის დარტყმა აშშ-სთან კოორდინაციით განხორციელდა.

ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაჯედ ალ-ანსარიმ სამხრეთ ფარსის ოფშორულ გაზის საბადოზე, რომელიც დოჰასა და თეირანს ერთობლივად ეკუთვნით, დარტყმა „რეგიონში მიმდინარე სამხედრო ესკალაციის ფონზე სახიფათო და უპასუხისმგებლო ნაბიჯად“ შეაფასა.  

ყატარმა სამხრეთ ფარსის გაზის საბადოზე თავდასხმაში ისრაელი დაადანაშაულა.