აშშ-სთან მოლაპარაკებების შესაძლო ახალი რაუნდის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საიდ ხატიბზადემ, განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ვერ გაიმართება მანამ, სანამ მომავალი სავარაუდო შეთანხმების ორივე მხარისთვის მისაღები „ჩარჩო“ სქემა არ ჩამოყალიბდება.

„სანამ ჩარჩოზე არ შევთანხმდებით, თარიღს ვერ დავადგენთ“, - თქვა ხატიბზადემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს ირანის მიერ მიღწეული ყველა შეთანხმება უნდა უზრუნველყოფდეს მის უფლებებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

„ირანი არ დათანხმდება საერთაშორისო სამართლის გამონაკლისს“ და არც „დათმობს თავის უფლებებს“, - განაცხადა ხატიბზადემ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ ირანის პორტების ბლოკადა „არასდროს იქნება ეფექტური“. 

მისი თქმით, ირანი არასოდეს არ შეეგუება აშშ-ს მიერ მისი პორტების ბლოკადას ან ვაშინგტონის  სხვა „ბრძანებებს“.

„ბლოკადა არასოდეს აღარ იქნება. კოლონიალიზმის ეპოქა უნდა დასრულდეს“, - თქვა მან და დასძინა, რომ აშშ „ვერ შეძლებს სხვა ქვეყნებისთვის პირობების კარნახს“.