ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მკაცრი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროპელ ლიდერებს არ ექნებათ უფლება, დაესწრონ ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას.
ირანის დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ "დასავლური სამყაროს ლიდერებს არ ერგებათ პატივი, მონაწილეობა მიიღონ ისლამური რევოლუციის ლიდერის სამგლოვიარო პროცესში".
ოფიციალური თეირანი ამ გადაწყვეტილებას ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან ირანის საშინაო საქმეებში ჩარევისა და "ისლამური რევოლუციის ფასეულობების წინააღმდეგ წლების განმავლობაში გატარებული მტრული პოლიტიკით" ხსნის.
ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამწვავებს ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს ირანსა და ევროპის წამყვან დედაქალაქებს შორის.
სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დაკრძალვის ცერემონიაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის ქვეყნები და ორგანიზაციები, რომლებიც "პატივს სცემენ ირანის სუვერენიტეტსა და რევოლუციურ იდეალებს".




