ეგზიტპოლების მიხედვით, ინდოეთის პრემიერმინისტრის, ნარენდრა მოდის პარტია ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს.
ასეთი შედეგით მოდი შეძლებს, ინდოეთის პრემიერმინისტრი მესამე ვადით გახდეს. თუმცა, არჩევნების ოფიციალური საბოლოო შედეგების გამოქვეყნება 4 ივნისს არის მოსალოდნელი.
ეგზიტპოლების შედეგებით, ეროვნული დემოკრატიული ალიანსი, რომელსაც პრემიერის "ინდოეთის სახალხო პარტია" უდგას სათავეში, პარლამენტის 543 ადგილიდან 365-ის მოპოვებას შეძლებს. ხოლო მთავრობის ჩამოსაყალიბებლად გამარჯვებულ პარტიას ან ალიანსს მხოლოდ 272 ადგილის მოპოვება სჭირდება. თუკი ეგზიტპოლის შედეგები გამართლდა, ნარენდრა მოდი ინდოეთის პრემიერმინისტრი კიდევ 5 წლით იქნება.
ინდოეთში ამომრჩეველთა დიდი რაოდენობის გამო, რაც ერთ მილიარდს აღწევს, საპარლამენტო არჩევნები ექვსი კვირის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად წარიმართა და ხმის მიცემის პროცესი 19 აპრილს დაიწყო.
"ინდოეთის სახალხო პარტიის" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნარენდრა მოდიმ პირობა დადო, რომ იგი ინდოეთს წინ წასწევს, რათა ეკონომიკის სიდიდით ინდოეთი მსოფლიოს მოწინავე სამ ქვეყანას შორის იყოს. მან ასევე პირობა დადო, რომ სიღარიბესა და კორუფციას გაუმკლავდება, და ქვეყნის განვითარებისთვის ახალ გზებს მონახავს.