ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა პირველადი საჯარო შეთავაზებით (IPO) კომპანიის აქციები საფონდო ბირჟაზე წარმატებით განათავსა, რის შედეგადაც SpaceX მსოფლიოში რაკეტებისა და კოსმოსური ხომალდების მწარმოებელ ყველაზე ღირებულ კომპანიად იქცა, ხოლო თავად მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა.

IPO-ს მეშვეობით, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ ერთი აქციის ფასი ბირჟაზე $135-ად გამოიტანა, SpaceX-მა 555.56 მილიონი აქციის გაყიდვით რეკორდული $75 მილიარდი მოიზიდა. შედეგად, მასკის კოსმოსური, სატელიტური და AI კომპანიის ღირებულებამ $1.77 ტრილიონს მიაღწია, რაც პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ კომპანიის ღირებულება უკვე აღემატება ისეთ კომპანიებს, როგორებიც არიან Meta Platforms, JPMorgan Chase, Berkshire Hathaway და მასკის მეორე კომპანია Tesla-ც კი. IPO-მდე Reuters წერდა, რომ SpaceX-ის სამიზნე საბაზრო ღირებულება $1.75 ტრილიონი იყო.

აქამდე პირველადი შეთავაზების რეკორდი საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ეკავა, რომელმაც 2019 წლის დეკემბერში რიადის საფონდო ბირჟაზე $25.6 მილიარდი მოიზიდა, რის შედეგადაც კომპანიის ღირებულებამ $1.71 ტრილიონი შეადგინა. ინფლაციის გათვალისწინებით ეს ნიშნავს, რომ Aramco-ს რეკორდი $33.2 მილიარდის მოზიდვა იყო.