ცნობილ კანადელ ფსიქოლოგ ჯორდან პიტერსონთან ინტერვიუში „სფეის იქსის“ დამფუძნებელმა, ილონ მასკმა ისაუბრა თავისი უფროსი შვილის, ხავიერის სქესის შეცვლასთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად ქალის – ვივიან ჯენა უილსონის სახელითაა ცნობილი და დედის გვარს ატარებს. მან სქესი, სახელი და გვარი 18 წლის ასაკში, 2022 წელს შეიცვალა და ოფიციალურად განაცხადა, რომ აღარ სურს ბიოლოგიურ მამასთან, ილონ მასკთან რაიმე კავშირი.
ილონ მასკის თქმით, შეშფოთებულია არასრულწლოვნებში სქესობრივი მომწიფების ბლოკატორების გამოყენებასთან დაკავშირებით. ილონ მასკის განცხადებით, ის „მოატყუეს თავისი ვაჟის, ხავიერისთვის სქესის შეცვლასთან დაკავშირებით“. ილონ მასკმა ისაუბრა იმის შესახებ, როგორი ზეწოლის ქვეშ იყო, როდესაც ოპერაციაზე თანხმობის დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი, ქვეტექსტით, რომ თუ ამას არ გააკეთებდა, ხავიერს შესაძლოა, სიცოცხლე სუიციდით დაესრულებინა. მასკი აღნიშნავს, რომ თავისი შვილი ამ ყველაფერმა „იმსხვერპლა“ და რომ ხავიერი, როგორც ვაჟი, მკვდარია, აღარ არსებობს.
„მოტყუებით მომაწერინეს დოკუმენტზე ხელი. ეს ჯერ კიდევ იქამდე მოხდა, ვიდრე გავიგებდი, რა ხდებოდა. „კოვიდ-19“-ის პანდემია, დიდი გაუგებრობა იყო და მითხრეს, რომ ხავიერს შესაძლოა, სუიციდი ჩაედინა, თუკი მე არ … „გენდერული ტრანზიციის ზრუნვა“ საშინელი ეფემიზმია. ეს არის ბავშვის დასახიჩრება, სტერილიზაცია და ბოროტებაა. საუბარია თანხმობის ასაკს მიუღწეველ ბავშვზე. თითქმის ყველა ბავშვი გადის რაიმე სახის იდენტობის კრიზისს, ეს მხოლოდ ზრდის ნაწილია. ამიტომ ზრდასრულებისთვის შესაძლებელია ბავშვებით მანიპულირება, რომელთაც აქვთ იდენტობის ბუნებრივი კრიზისი, რომ ისინი არ არიან იმ სქესის და სქესის შეცვლა სჭირდებათ. შემდეგ მათ აძლევენ სტერილიზაციისთვის მედიკამენტებს, რომელთაც ასევე უწოდებენ სქესობრივი მომწიფების ბლოკატორებს და მათ აღარ შეუძლიათ ბავშვების ყოლა, უტარებენ ორმაგ მასტექტომიას, დასახიჩრებას. თანხმობის ასაკი უმიზეზოდ არ გვაქვს შემოღებული. 18 წლამდე არ შეგიძლია ტატუს გაკეთება, ალკოჰოლის მიღება თუ ავტომობილის მართვა. განსაზღვრულია სხვადასხვა ასაკი. თუკი ჩვენ ბავშვებს ნებას დავრთავთ, გადადგან შეუქცევადი ნაბიჯები 10, 12, 14 წლის ასაკში, ისინი მოიმოქმედებენ ისეთ რამეებს, რასაც საბოლოო ჯამში ძალიან ინანებენ“, – ამბობს ილონ მასკი.
ამასთან, ილონ მასკი აღნიშნავს: „ჩემთვის მაშინ არ აუხსნიათ, რომ სქესობრივი ზრდის ბლოკატორები სინამდვილეში სტერილიზაციის წამლები იყო. შედეგად, მე დავკარგე ჩემი ვაჟი. ჩემი ვაჟი ხავიერი მკვდარია, „გონების გამოფხიზლების ვირუსმა“ მოკლა. მე პირობა დავდე, რომ გავანადგურებ ამ ვირუსს და გარკვეული პროგრესი გვაქვს“.
ცოტა ხნის წინ, იტალიაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე ილონ მასკმა განმარტა, რას გულისხმობს ე.წ. გონების გამოფხიზლების ვირუსი, როგორც ამას თავად უწოდებს.
მასკის თქმით, „გონების გამოფხიზლების ვირუსი“ აყალიბებს ძალიან ღრმა უთანმხოების გამომწვევ იდენტობის პოლიტიკას, რომელიც აძლიერებს რასიზმს, აძლიერებს სექსიზმს და ყოველგვარ იზმებს იმ დროს, როდესაც ირწმუნება, რომ აკეთებს საწინააღმდეგოს“.
თარგმანი: პირველი არხი