ირანმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტი ჩაიდინა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს დაევალა საპასუხო ზომების მომზადება და განხორციელება.
"დღეს ირანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა აზერბაიჯანის ტერიტორიის, აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ირანის სახელმწიფომ უპილოტო საფრენი აპარატები ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიისკენ გაისროლა. თავდასხმის სამიზნე სამოქალაქო ობიექტები იყო. აზერბაიჯანის სახელმწიფო მკაცრად გმობს ამ მახინჯ ტერორისტულ აქტს და მისმა ჩამდენებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი. ირანელმა ოფიციალურმა პირებმა აზერბაიჯანულ მხარეს უნდა მისცენ ახსნა-განმარტება, უნდა მოიხადონ ბოდიში და ამ ტერორისტული აქტის ჩამდენებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ", - აღნიშნა ალიევმა.
ალიევის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანი ტერორისტულ აქტს აწყობს აზერბაიჯანის წინააღმდეგ. მან გაიხსენა თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა. ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ბაქომ არაერთხელ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ.
"ჩვენ ამას არ დავუშვებთ და არც მანამდე არასდროს დაგვიშვია. აზერბაიჯანი არ მონაწილეობდა და არც მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში. ეს არის ჩვენი პოზიცია, რადგანაც აზერბაიჯანი არ არის დაინტერესებული რაიმე ოპერაციების წარმოებით მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ, ჩვენი პოლიტიკა ამას არ დაუშვებს. ჩვენ ვიცავდით და დავიცავთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ტერორისტული აქტი, რომელიც ირანმა ჩაიდინა, ყველა სხვა ფაქტორთან ერთად, წარმოადგენს ირანის უმადურობის მაგალითს. ის უსინდისო ადამიანები, ვინც ჩვენს წინააღმდეგ ეს ტერორისტული აქტი ჩაიდინეს, ამას ინანებენ. ისინი, ვინც ერთხელ ჩვენი ძალის გამოცდა სცადა, რკინის მუშტით განადგურდნენ; დღევანდელი ინციდენტიც იგივე შედეგს მოიტანს", – განაცხადა ალიევმა.








