NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უნგრეთი დათანხმდა, ვეტო არ დაადოს უკრაინისთვის ალიანსის დახმარებას. ამის შესახებ მან უნგრეთის პრემიერ–მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შეთანხმდნენ მექანიზმზე, რომლის მიხედვითაც NATO არ გამოიყენებს უნგრულ რესურსებს უკრაინას დახმარების გაწევისას. სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან გრძელვადიან ფინანსურ დაპირებაზე, რათა უზრუნველყონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა.
"პრემიერმა ორბანმა ნათლად განაცხადა, რომ უნგრეთი არ მიიღებს მონაწილეობას NATO–ს ამ ძალისხმევაში და მე ვეთანხმები ამ პოზიციას. პრემიერმა დამარწმუნა, რომ უნგრეთი არ დაუპირისპირდება ამ ძალისხმევას, რაც სხვა მოკავშირეებს საშუალებას მისცემს წინ წავიდნენ. მან დაადასტურა, რომ უნგრეთი გააგრძელებს NATO–სვალდებულებების სრულად შესრულებას", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
თავის მხრივ, ორბანმა აღნიშნა, რომ "მიიღო გარანტია, რომ როდესაც საქმე ეხება რუსეთ-უკრაინის ომს, როდესაც საქმე ეხება სამხედრო ოპერაციას ტერიტორიის გარეთ, ბუდაპეშტი არ მიიღებს მონაწილეობას ამაში".
"უნგრეთი არ გამოყოფს სახსრებს ან პერსონალს ომისთვის. არც უნგრეთის ტერიტორია იქნება გამოყენებული ამ ომში რაიმე ჩართვისთვის", - განაცხადა ორბანმა.