NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის მხარდაჭერა მთავარ პრიორიტეტად უნდა დარჩეს. ამის შესახებ მან პრაღაში გამართული ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"NATO უფრო დიდ კოორდინაციულ როლს შეასრულებს, რათა უკრაინა აღჭურვილობითა და წვრთნებით უზრუნველყოს. ეს კიევს უფრო პროგნოზირებადობას შეუქმნის და დააკმაყოფილებს მის როგორც უშუალო, ისე გრძელვადიან საჭიროებებს. უკრაინას პრაქტიკულად მთელი სამხედრო დახმარების - 99% NATO–ს მოკავშირეებისგან მოდის და ალიანსმა უნდა შეასრულოს უფრო დიდი როლი ამ ძალისხმევაში", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოკავშირეები უკრაინას ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას აწვვდიან.
სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ომის დასრულების დასაჩქარებლად NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინის მხარდაჭერის მინიმუმ ამჟამინდელი დონე უნდა შეინარჩუნონ მანამ, ვიდრე საჭირო იქნება".