IDF-მა დაადასტურა, რომ ისრაელის იერიშების შედეგად მოკლულები არიან რიგი ირანელი მაღალჩინოსნები, მათ შორის, ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური მოჰამედ პაკპური და ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და ხამენეის უფროსი მრჩეველი, ალი შამხანი. ამის შესახებ IDF-ის პრესსპიკერმა, ეფი დეფრინმა მიმართვაში ილაპარაკა.
გარდა ამისა, დეფრინმა თქვა, რომ ისრაელის იერიშების შედეგად ასევე მოკლულები არიან ხამენეის სამხედრო ბიუროს უფროსი მოჰამედ შირაზი, ხატამ-ალ-ანბიას საგანგებო შტაბის დაზვერვის სამმართველოს უფროსი, სალეჰ ასადი, ირანის თავდაცვის ინოვაციისა და კვლევის ორგანიზაციის (SPND) თავმჯდომარე, ჰუსეინ ჯაბალ-ამელიანი და ამ ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე, რეზა მოსაფარი-ნია.
დეფრინის თქმით, ისრაელმა ირანის რეჟიმის მაღალჩინოსნების ორ ცალკეულ შეკრებაზე ერთდროულად მიიტანა იერიში.
"ყველა მაღალჩინოსანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ შეხვედრებში, პასუხისმგებელია ისრაელის სახელმწიფოს, მთლიანი მსოფლიოსა და კერძოდ ირანელი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ რიგ ტერაქტებზე. დღეს ჩვენ ისინი გავანადგურეთ. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ არცერთ ტერორისტ ლიდერს, რომელსაც ისრაელის დაზიანება სურს, არ აქვს იმუნიტეტი, არც თეირანში და არც სადმე სხვაგან". - თქვა დეფრინმა.




