საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა "იემენში კანონიერების აღდგენის კოალიციამ" განაცხადა, რომ წინა ღამით იემენელმა მეამბოხეებმა-ჰუსიტებმა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადზე ბალისტიკური რაკეტით დარტყმა პირველად სცადეს.
"რაკეტა ჩაჭრეს და გაანადგურეს", — განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში კოალიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა ტურკი ალ-მალიქმა.
ღამით ქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, ზოგიერთმა მცხოვრებმა აფეთქების ხმა გაიგო. დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მოგვიანებით, აეროპორტთან ახლოს კვამლის სვეტი შენიშნეს. სააგენტო AFP საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ იწვოდა საუდის არაბეთის უმსხვილესი ნავთობკომპანია Aramco-ს საწვავის რეზერვუარი, ხანძარი ლიკვიდირებულია. უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ქალაქზე სარაკეტო დარტყმის მცდელობას. კომპანიამ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.
საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ ჰუსიტებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმა სცადეს, მათ შორის, წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქ იანბუშიც, თუმცა ეს მცდელობები აღიკვეთა. თავად ჰუსიტები ამტკიცებენ, რომ დრონებით, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს "მნიშვნელოვან ობიექტებს" ერ-რიადში და Aramco-ს ინფრასტრუქტურას იანბუში.




