საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ თქვა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, "ბევრი რთული, საკამათო გადაწყვეტილების მიღება მოხდა" პარლამენტის, მთავრობის მიერ, რაც საქართველოს აშორებს ევროკავშირისგან.
"ევროკავშირს ძალიან, ძალიან დიდი ხანი დასჭირდა იმისთვის, რომ მიეღო გადაწყვეტილება გაგვეღო კარი უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის. ღიად გეტყვით - ამ კარის გაღება შესაძლებელი გახდა მხოლოდ უკრაინელების მამაცობით, თავდადებით და ტანჯვით, რომლებიც იცავენ არა მხოლოდ თავიანთ ქვეყანას, არამედ ცივილიზებულ მსოფლიოს, წესებს, რომლებიც ცივილიზებული სამყაროს ბირთვს წარმოადგენს, ამან მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ თქვენ, უკრაინელებთან და მოლდოველებთან ერთად იმსახურებთ, რომ ევროკავშირის ნაწილი გახდეთ.
რა მოხდა მას შემდეგ, რაც საქართველო კანდიდატი ქვეყანა გახდა? ბევრი რთული, საკამათო გადაწყვეტილების მიღება მოხდა თქვენი ქვეყნის, თქვენი მთავრობის მიერ, რომლებმაც იმის ნაცვლად, რომ საქართველო უფრო დაეახლოებინა საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტის ოცნებასთან - ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს აშორებს ევროკავშირის წევრობისგან. ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს საქართველოში საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს მთავრობამ წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან", - განაცხადა ელჩმა
მან ხაზი გაუსვა, რომ ცრუ ნარატივები, პროპაგანდა, დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია ზოგადად დასავლეთის და ევროკავშირის წინააღმდეგ, მიუღებელია ქვეყნიდან, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის:
"სამწუხაროდ, ეს შეთქმულების თეორიები, ეს ნარატივები, ეს უცნაური თეორიები კვლავ გრძელდება. მზად ვართ საქართველო შემოგვიერთდეს, მაგრამ ეს მოითხოვს სერიოზულ რეფორმებს და ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს. შარშან ჩვენ გამოვაქვეყნეთ გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ, სადაც გაწერილია დეტალურად, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს. იმისთვის, რომ უფრო მარტივი ყოფილიყო, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი მთავარი რეკომენდაციები ე.წ. 9 ნაბიჯად. ერთი გვერდია, 9 ნაბიჯი - ერთი გვერდია. ამ რეფორმებზე მუშაობის ნაცვლად, ძალიან ბევრი ინიციატივა განხორციელდა, რომლებიც სრულიად შეუთავსებელია ჩვენს ნორმებთან და ღირებულებებთან", - აღნიშნა ელჩმა.
ის იმედს იტოვებს, რომ არჩევნების შემდეგ საქართველო აანაზღაურებს დაკარგულ დროს:
"მზად ვართ ვიმუშაოთ ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან, მაგრამ თუ მთავრობა დაარღვევს მთავარ პრინციპებს: თავისუფლებას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, სამწუხაროდ, უნდა გითხრათ ძალიან ღიად, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, ეს შეუძლებელია. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ამ ქვეყანამ სრულად უნდა სცეს პატივი ევროკავშირის ძირითად პრინციპებს, რომელიც გათვალისწინებულია ევროპულ შეთანხმებებში. თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება".