საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დემოკრატიული პრინციპების პატივისცემის გარეშე, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. თავად არჩევანი კი ქართველი ხალხის ხელშია - ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი მთავრობა სურს, ჰყავდეს.
"იმ შემთხვევაში, თუ ეს მთავრობა დაინტერესებული იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესით, ჩვენი მხრივ, მზად ვართ ვიმუშაოთ ნებისმიერ მთავრობასთან, ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეულთან", - აღნიშნა ელჩმა.
"გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ქართველო ხალხი აირჩევს ახალ მთავრობას, რომლებიც ამ ნორმების ერთგული იქნება.
ნება მომეცით, ღიად ვთქვა: თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, თუ საქართველო გახდება ქვეყანა, რომელშიც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, თუ გახდება ადგილი, საიდანაც სამოქალაქო საზოგადოებას საზღვარგარეთ წასვლა დასჭირდება იმისთვის, რომ იმუშაოს, თუკი ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორს უმცირესობის უფლებები, არ იქნება დაცული, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი - ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ. ეს არის პრინციპები, რომლებიც მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება და რომელიც ევროკავშირის როგორც ამჟამინდელმა, ასევე მომავალმა წევრებმა მკაცრად უნდა დაიცვან", - თქვა ელჩმა.