ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას აშშ-მა ვეტო დაადო.
15 წევრისგან შემდგარმა საბჭომ კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელიც მოითხოვდა ღაზას სექტორში დაუყოვნებლივ, უპირობო და მუდმივ ცეცხლის შეწყვეტას, ხოლო ცალკე რეზოლუცია ეხებოდა მძევლების გათავისუფლებას. რეზოლუციის წინააღმდეგ მხოლოდ შეერთებული შტატები იყო, რომელმაც, როგორც საბჭოს მუდმივმა წევრმა, ვეტო-ს უფლება გამოიყენა.
გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლის, რობერტ ვუდის განცხადებით, ვაშინგტონის პოზიცია ნათელია და მხარს დაუჭერს მხოლოდ იმ რეზოლუციას, რომელიც ცალსახად მოითხოვს მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში.
„ომის ხანგრძლივი შეწყვეტა უნდა მოხდეს მძევლების გათავისუფლებით. ეს ორი გადაუდებელი მიზანი განუყოფლად არის დაკავშირებული. რეზოლუციამ უგულებელყო ეს აუცილებლობა და შეერთებულმა შტატებმა მას მხარი სწორედ ამ მიზეზით არ დაუჭირა“, – თქვა ვუდმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ი ცდილობდა კომპრომისზე წასვლას, მაგრამ რეზოლუციის ტექსტი „ჰამასს“ საშიშ სიგნალს გაუგზავნიდა, რომ არ არის საჭირო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება.
ალჟირის, ეკვადორის, გაიანის, იაპონიის, მალტის, მოზამბიკის, სამხრეთ კორეის, სიერა-ლეონეს, სლოვენიისა და შვეიცარიის მიერ შემუშავებული რეზოლუციისთვის ვეტო-ს დადების გამო, შეერთებული შტატები წევრმა ქვეყნებმა გააკრიტიკეს.
გაერო-ში მალტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვეტო-ს გამოყენების გამო საბჭომ კიდევ ერთხელ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
თარგმანი: პირველი არხი