გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში შესაძლებელია, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილის ეტაპობრივი გაუქმება.

მერცის თქმით, ამის წინაპირობა მოსკოვის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობა და უკრაინის სასარგებლოდ დათმობებზე წასვლა უნდა იყოს. გერმანიის კანცლერის განცხადებით, ტერიტორიულ საკითხებზე მოლაპარაკებების ამოსავალი წერტილი არსებული ფრონტის ხაზი უნდა გახდეს. მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარება ევროპული სახელმწიფოების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია.

„იალტის ფორმატი მშვიდობას ვერ მოიტანს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა, რითაც ჩინეთში დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრას გამოეხმაურა.

მერცმა პირდაპირ მიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

„დაასრულეთ ომი უკრაინაში და მოგვეცით შესაძლებლობა, ერთად ვიმუშაოთ დიპლომატიური გადაწყვეტილებების მოსაძებნად. ჩვენ აღარასოდეს გვსურს გაყოფილ ევროპაში ცხოვრება. გვინდა, ვიცხოვროთ თავისუფლებასა და მშვიდობაში, ერთად“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მისი თქმით, ევროპული ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს გააგრძელებენ, რამდენიც საჭირო იქნება.

გერმანიის კანცლერმა სამშვიდობო შეთანხმების რამდენიმე აუცილებელი პირობაც დაასახელა. მისი განცხადებით, უკრაინას უნდა შეუნარჩუნდეს ევროპული ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობა და ქვეყნის აღდგენისთვის საერთაშორისო დახმარების მიღების გარანტია. სანაცვლოდ, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ზოგიერთი სანქცია ეტაპობრივად გაუქმდეს.

თარგმანი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი