სლოვაკეთისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრები რობერტ ფიცო და ანდრეი ბაბიში გამოვიდნენ გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის მოთხოვნის წინააღმდეგ, რომ ევროკავშირის უკლებლივ ყველა ქვეყანამ მიიღოს მონაწილეობა უკრაინის დაფინანსებაში. "რასაც კანცლერი აკეთებს, ტიპური შანტაჟია და მე არ ვაპირებ მის დათმობას", — განაცხადა ფიცომ ბრატისლავაში ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, სლოვაკეთი სუვერენული სახელმწიფოა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე საკუთარი პოზიცია აქვს. "ჩვენ შანტაჟს უნდა ვუპასუხოთ", — დასძინა მან და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას აქვს იგივე ვეტოს უფლება, რაც გერმანიის კანცლერს.
ბაბიშმა, რომელიც ვიზიტით ბრატისლავაში იმყოფებოდა, ასევე გააკრიტიკა მერცის მოთხოვნა. "არ ვიცი, რატომ ამბობს ის ასე", — აღნიშნა მან. Bloomberg-ის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი ასევე გამოვიდა მერცის მოთხოვნის წინააღმდეგ, რომ უკრაინის დაფინანსების შესახებ შეთანხმება ევროკავშირის მომდევნო მრავალწლიანი ბიუჯეტის მიღებას დაუკავშირდეს.
კრიტიკის საბაბი გახდა მერცის წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასადმი, რომლის შესახებაც მანამდე მსოფლიო მედიამ დაწერა. მასში გერმანიის კანცლერმა მოუწოდა, რომ დუბლინში ევროკავშირის არაფორმალური სამიტის დღის წესრიგში უკრაინის შემდგომი დაფინანსების საკითხი შეტანილიყო. მან ასევე განაცხადა, რომ კიევის ფინანსური საჭიროებების დაფარვაში თანამეგობრობის ყველა წევრი ქვეყნის მონაწილეობა აუცილებელი პირობაა ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტზე მოლაპარაკებების წინსვლისთვის.
ევროკომისიის შეფასებით, 2027 წელს უკრაინას დამატებით დაახლოებით 70 მილიარდი ევრო დასჭირდება. მოსალოდნელია, რომ ამ თანხიდან ევროკავშირის ქვეყნებმა დაახლოებით 45 მილიარდი ევრო უზრუნველყონ.
ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი არ დაუჭერს მხარს უკრაინისთვის შემდგომ უსასყიდლო გადახდებს. როგორც Reuters წერს, სლოვაკეთმა, ჩეხეთმა და უნგრეთმა მიანიშნეს, რომ უკრაინისთვის შესაძლო ახალი სესხია გამოყოფაში მონაწილეობის მიღებასაც არ აპირებენ.




