გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აშშ-ს მოუწოდებს, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში ევროპელი მოკავშირეებისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილებები არ მიიღოს.
როგორც „როიტერი“ იუწყება, ამის შესახებ მერცმა დუბლინში, ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე განაცხადა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ევროპელ ლიდერებს შორის არსებობს შეშფოთება, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში შესაძლოა განმეორდეს ანკორიჯის სამიტის მსგავსი ვითარება. მერცი გულისხმობდა ალასკაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრას.
„აქ, დუბლინში, ზოგიერთს აშინებს, რომ შესაძლოა ანკორიჯის მეორე მომენტის წინაშე აღმოვჩნდეთ. ამიტომ მსურს, შეერთებულ შტატებს ძალიან მკაფიო გზავნილი გავუგზავნო: გთხოვთ, არავითარი მოულოდნელობა. განაგრძეთ მოქმედება ევროპის გუნდთან და უკრაინის გუნდთან ერთად“, – განაცხადა მერცმა.
გერმანიის კანცლერის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში აბუ-დაბიში ამერიკელი და რუსი წარმომადგენლების შეხვედრების შემდეგ მოსალოდნელია, რომ უახლოეს კვირებში სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს, რომლებშიც პირველად ევროპელი წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
მერცმა უარყო რუსეთის მოთხოვნა, მოლაპარაკებების მთავარ საკითხად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის განხილვა იქცეს. მისი განცხადებით, ევროპაში უსაფრთხოების ასეთი სისტემა უკვე არსებობს ნატო-ს სახით.
„მომავალი დისკუსიები ერთ მთავარ საკითხზე უნდა იყოს კონცენტრირებული: რა ჩარჩოებში იქნება შესაძლებელი უკრაინის უსაფრთხოების გარანტირება მშვიდობის დამყარების შემდეგ? თუმცა ჯერ თავად მშვიდობას უნდა მივაღწიოთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მომლაპარაკებელი ჯგუფების მომდევნო შეხვედრა უკვე დაგეგმილია.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ ევროპელი პარტნიორების სამშვიდობო პროცესში ჩართვას მიაღწია.




