საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას და შესაბამისად, მისთვის ამ კანონით ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნება – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა BMG-სთან განაცხადა.
პიტერ ფიშერი იმეორებს, რომ გერმანიას (და ევროკავშირს) მარტივი გზავნილი აქვს – „თუ გსურთ, შეუერთდეთ ევროკავშირს, დააკმაყოფილეთ ჩვენი სტანდარტი. სახელმწიფოები, რომლებიც უერთდებიან ევროკავშირს, ყოველთვის ახდენენ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ადაპტირებას. სწორედ ამას ნიშნავს ევროკავშირის წევრობა“.
ის ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ რიტორიკასაც:
„თუ გსურთ კავშირში შემოსვლა, მაგრამ ამავდროულად მას სულ აკრიტიკებთ და ამბობთ, რომ ის საშიშია, გლობალური ომის პარტიაა (და ეს არ არის ჩემი ტერმინი. მე არ მომწონს ეს ტერმინი – მგონია, რომ გლობალური ომის პარტია არ არსებობს), მაშინ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ შეკითხვა – შეგვიძლია თუ არა გავაგრძელოთ ჩვეული ურთიერთობები? ისევ ვართ პარტნიორები თუ უკვე აღარ ვართ პარტნიორები? ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია – ეს არის ჩვენი პოზიცია,“ – ამბობს პიტერ ფიშერი.
რაც შეეხება სანქციებს, ელჩი პირდაპირი პასუხისგან თავს იკავებს და ამბობს:“ სანქციები ფართო ცნებაა და მოვლენების მიმართ უარყოფით რეაქციას გულისხმობს“.