გერმანიაში სამგზავრო მატარებლების მემანქანეები გაიფიცნენ. მატარებლების მიმოსვლა 7 დეკემბრის 22:00 საათიდან, 8 დეკემბრის საღამომდე შეჩერებულია.

მემანქანეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც სარკინიგზო კომპანია „დოიჩე ბანთან“ მოლაპარაკებები ჩავარდა. მემანქანეთა პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით, გაფიცულები კვირაში 38-საათიანი სამუშაო გრაფიკის 35 საათამდე შემცირებას, თვიური ანაზღაურების 555 ევროთი გაზრდასა და ინფლაციის კომპენსაციისთვის ერთჯერადად 3 000-ევროიან ანაზღაურებას ითხოვენ.

სარკინიგზო კომპანია „დოიჩე ბანმა“ კადრების სიმცირის გამო სამუშაო გრაფიკის შემცირებაზე უარი განაცხადა და სანაცვლოდ, თანამშრომლებს ხელფასის 11%-იანი ზრდა შესთავაზა, რასაც მემანქანეები არ დათანხმდნენ.