გამოკითხვა: ფრანგების 56% ''ყვითელი ჟილეტების'' აქციების შეწყვეტას ემხრობა

1550123241
საფრანგეთის მაცხოვრებლების უმრავლესობა (56%) "ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო აქციების შეჩერებას ემხრობა. ამას ტელეარხ BBMTV- ის დაკვეთით Elabe-ს კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ადასტურებს.
თავის მხრივ, საფრანგეთის მოსახლეობის 43% აცხადებს, რომ "ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო აქციები უნდა გაგრძელდეს. გამოკითხულთა 1% -მა აღნიშნულ საკითხზე საკუთარი აზრი არ დააფიქსირა.
მკვლევარებმა განაცხადეს, რომ საზოგადოებრივი დემონსტრაციების მხარდაჭერა ეტაპობრივად მცირდება.
თუ ნოემბერში, როდესაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, "ყვითელი ჟილეტების" მოძრაობას მხარს საფრანგეთის მოსახლეობის 75% უჭერდა, ახლა ეს მაჩვენებელი 58% -მდე შემცირდა.
10 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზში, “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო აქციის განმავლობაში, მინიმუმ 39 ადამიანი დააკავეს. “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო აქციები საფრანგეთში 2018 წლის ნოემბერში დაიწყო. თავდაპირველად, აქცია ქვეყანაში საწვავის გაძვირებასა და ახალი გადასახადების დაწესებას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მოგვიანებით მიზანი ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების გადადგომა გახდა.