არგენტინამ უკრაინას გადასცა ორი მრავალფუნქციური ვერტმფრენი Mi-171E, რომლებიც თავდაპირველად რუსეთიდან შეიძინა. ამ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

ვერტმფრენების მიწოდება პირადად დაამტკიცა არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ.

გამოცემა წერს, რომ მილეი მხარს უჭერს კავშირებს ქვეყნებთან, რომლებიც აფასებენ თავისუფლებას, მათ შორის შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან და უკრაინასთან.

შეთანხმების დამატებითი დეტალები არ გახმაურებულა.

არგენტინამ ვერტმფრენები რუსეთიდან სატრანსპორტო მისიებისთვის და ანტარქტიდაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისთვის შეიძინა. თუმცა, იმის გამო, რომ ვერტმფრენებმა არ გაიარეს პერიოდული ინსპექტირება და ტექნიკური მომსახურება - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო - არგენტინამ გადაწყვიტა მათი ოპერირება შეეჩერებინა.

მანამდე მილეიმ განაცხადა, რომ გეგმავს უმასპინძლოს "ლათინურ ამერიკაში უკრაინის მხარდამჭერების სამიტს" 2024 წელს. მისი პოზიცია განსხვავდება ლათინური ამერიკის სხვა ლიდერებისგან, როგორებიცაა ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა და სილვა და მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორი.