გერმანია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილის შემდეგ არაა დაინტერესებული ФСБ–ს ოფიცრის ვადიმ კრასიკოვის გაცვლით, რომელიც გერმანიაში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობას იხდის,– განუცხადეს Financial Times-ს ამერიკელმა და გერმანელმა ოფიციალურმა პირებმა.
კრასიკოვის შესაძლო გაცვლა "ნაკლებად სავარაუდო" გახდა, რადგან ბერლინი თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე, იტყობინება FT გერმანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. კანცლერ ოლაფ შოლცის სპიკერმა სიტუაციის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
გამოცემის სხვა წყაროებმა განაცხადეს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში იყო "მსჯელობა" რუსეთიდან ნავალნის, ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითის პოლ უილისა და Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის გათავისუფლების საკითხზე. იგეგმებოდა ამ პირების კრასიკოვზე გაცვლა, მაგრამ ნავალნის გარდაცვალების შემდეგ ბერლინმა დაკარგა ინტერესი გარიგების მიმართ.
”მათ სხვა არავინ ჰყავთ მხედველობაში, რომ მათი აზრით, ღირდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკვლელის გაცვლა”, - თქვა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
მანამდე საერთაშორისო ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელმა მარია პევჩიხმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი კოლონიაში მოკლეს, რათა თავიდან აეცილებინათ მისი სავარაუდო გაცვლა რუს დაზვერვის ოფიცერ ვადიმ კრასიკოვზე, რომელიც ბერლინში სასჯელს იხდის საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის.
მისი თქმით, 15 თებერვალს საღამოს მან მიიღო დადასტურება, რომ გაცვლაზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე იყო. მეორე დღეს ნავალნის დაღუპვის შესახებ გახდა ცნობილი.
როგორც პევჩიხმა განაცხადა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ნავალნის თანამოაზრეებმა, გამომძიებელმა ჟურნალისტმა ხრისტო გროზევის დახმარებით, დაიწყეს მუშაობა მისი და სხვა პოლიტიკური პატიმრების გაცვლის შესაძლებლობაზე - განსაკუთრებით რუს ჯაშუშებზე.
ნავალნის მოკავშირის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა უცხოელმა ოფიციალურმა პირმა უარი თქვა ამ გეგმის განხორციელებაში დახმარებაზე, ზოგიერთი ადამიანის დახმარების წყალობით, რომლებიც მან არ დაასახელა, ის მაინც ახლოს იყო შედეგთან. პევჩიხის თქმით, ნავალნის კრასიკოვზე გაცვლის იდეა პუტინს ბიზნესმენმა რომან აბრამოვიჩმა მიუტანა.
მისი თქმით, პუტინს განუცხადეს, რომ კრასიკოვის რუსეთში დაბრუნების ერთადერთი გზა ნავალნიზე გაცვლა იყო, მაგრამ პუტინმა ეს სხვაგვარად განმარტა - თუ დასავლეთის ქვეყნები "პრინციპში, მზად არიან" გაცვალონ კრასიკოვი, მაშინ ისინი გაცვლიან სხვაზე, ხოლო ნავალნი უნდა "ჩამოიშოროს". პევჩიხი აღიარებს, რომ ეს ალოგიკურია, მაგრამ თვლის, რომ პუტინი "გაგიჟდა" და ირაციონალური გადაწყვეტილება მიიღო.
ადრე Wall Street Journal-მა ნავალნი ახსენა გაცვლის კონტექსტში, ხოლო პუტინმა ისაუბრა კრასიკოვზე (გვარის ხსენების გარეშე), როგორც პიროვნებაზე, რომელიც შეიძლება გაცვალოს რუსეთმა მსჯავრდადებულ ამერიკელებზე.
ვადიმ კრასიკოვს 2019 წელს, ბერლინის პარკში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. გერმანულმა გამოძიებამ დაადგინა მკვლელობასთან კრემლის კავშირი.