ევროკავშირის ქვეყნებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ევროკომისიის გეგმას რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ. ვარაუდობენ, რომ თანხები გადაირიცხება სპეციალურ ფონდში, საიდანაც მომავალში თანხა უკრაინის აღდგენას მოხმარდება, წერს Financial Times.
გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება 29 იანვარს ევროკავშირში წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრაზე მიიღეს და ის უახლოეს კვირებში გასაჯაროვდება.
საუბარია 191 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივებიდან მიღებულ შემოსავლებზე. ეს აქტივები განთავსებულია ბელგიურ დეპოზიტარ Euroclear-ში.
Euroclear-ში განთავსებულია დასავლეთის მიერ სულ გაყინული 260 მილიარდი ევროს ორი მესამედი.
მიღწეული შეთანხმებით, რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლები ცალკე აღირიცხება და აქციონერები დივიდენდების მიღებას ვერ შეძლებენ.
შეთანხმების პროექტის თანახმად, გადაწყვეტილება სრულ თანხვედრაშია ევროკავშირისა და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
ევროკომისიის შეფასებით, რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი შეიძლება შეადგენდეს წელიწადში 15-17 მილიარდ ევროს.
მანამდე, ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირი ვერ შეძლებს რუსეთისთვის გაყინული აქტივების ჩამორთმევას, რასაც მხარს უჭერს შეერთებული შტატები, რადგან "ასეთი გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით ზედმეტად სარისკოდ გამოიყურება".
ევროკავშირის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ სახელმწიფო აქტივების უპრეცედენტო კონფისკაცია შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს ბლოკის სამართლებრივ ჩარჩოს. ამასთან, მხედველობაში იღებენ მოსკოვის მუქარას, რომელიც აცხადებს, რომ მიიღებს საპასუხო ზომებს და რუსეთში დასავლური აქტივების კონფისკაციას მოახდენს, რაც ზოგიერთი შეფასებით დაახლოებით 288 მილიარდი დოლარია.