გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანზე იერიშის შესახებ მას წინასწარ შეატყობინა.
მერცის განცხადების მიხედვით, ისრაელს უფლება აქვს დაიცვას საკუთარი თავი, თუმცა ორივე მხარეს ვითარების ესკალაციის წინააღმდეგ მოუწოდა.
"მოვუწოდებთ ორივე მხარეს, თავი შეიკავონ დამატებითი ნაბიჯებისგან, რომლებმაც შესაძლოა ვითარების ესკალაცია და მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს" – წერია განცხადებაში.
13 ივნისს დილით ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რის ფარგლებშიც ისრაელმა ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა.
ირანელი მაღალჩინოსნების მიხედვით, ისრაელმა თეირანის გარშემო, სულ მცირე, ექვს სამხედრო ბაზას დაარტყა. ასევე იერიში მიიტანა სამხედრო მეთაურებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე შენობაზე.
ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის იერიშების შედეგად ორი მოწინავე ბირთვული მეცნიერი, მოჰამედ მეჰდი და ფერეიდუნ აბასი, დაიღუპნენ.
ამასთანავე, იერიშის ფარგლებში ისრაელმა ირანის რევოლუციური გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალი ჰოსეინ სალამიც, მოკლა. ირანულ მედიაში ასევე წერდნენ, რომ იერიშის შედეგად დაიღუპა ირანის არმიის მეთაურიც, მოჰამედ ბაგერი.
ისრაელის არმიის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ მოქმედება "პასუხია ისრაელის წინააღმდეგ ირანული რეჟიმის მიმდინარე აგრესიაზე". ისრაელმა ასევე დამატებითი იერიშების შესაძლებლობაზეც მიანიშნა და თავდასხმას "პირველი ეტაპი" უწოდა.
მოგვიანებით, ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით "ამომავალი ლომი" დაიწყო, რომლის ფარგლებში ირანის ტერიტორიაზე ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად 200-მდე ავიაგამანადგურებელი გაიგზავნა.