გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ალასკაზე ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაზე ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოების ინტერესები უნდა იყოს დაცული.

ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების, ასევე ევროპელი ლიდერების ვირტუალური სამიტის შემდეგ გაიმართა.

მისივე თქმით, ევროპელები ყველაფერს აკეთებენ, რომ შეძლონ, „ხელი შეუწყონ დღის წესრიგის განსაზღვრას“ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების მომავალი შეხვედრისთვის.

გერმანიის კანცლერის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ისაუბრეს 15 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრის პარამეტრებზე.

„ალასკაზე დაცული უნდა იყოს ევროპის და უკრაინის უსაფრთხოების ინტერესები“, – თქვა ფრიდრიხ მერცმა.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპი ალასკის სამიტზე წარმატებას მიაღწევს.

გერმანიის მთავრობის მეთაურის თქმით, აუცილებელია, ჯერ იყოს შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ გაფორმდეს შეთანხმება გრძელვადიანი მშვიდობის შესახებ.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა, განიხილოს ტერიტორიული საკითხები არსებულ ფრონტის ხაზის საფუძველზე, თუმცა რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრიანული ტერიტორიების კანონიერი აღიარება გამორიცხულია.

გერმანიის კანცლერმა ასევე თქვა, რომ აუცილებელია უკრაინის მყარი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა ისე, რომ უკრაინის სუვერნიეტეტი იყოს დაცული.

მან ასევე თქვა, რომ მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე წინსვლა თუ არ იქნება, ევროპა და აშშ პუტინზე ზეწოლას გააძლიერებენ. მისივე თქმით, დონალდ ტრამპმა იცის ეს პოზიცია და მას ეთანხმება.

თარგმანი: პირველი არხი