Wall Street Journal-ის ინფორმაციით, უკრაინულ ქალაქებზე რუსეთის მხრიდან გაძლიერებული საჰაერო იერიშების კადრების ყურების შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრისას უკმაყოფილება გამოხატა ვლადიმირ პუტინის მიმართ და მას უკრაინაში გასაგზავნად Patriot-ის ხუთი სისტემის მიყიდვა შესთავაზა.

წყაროების თქმით, კანცლერი ფრიდრიხ მერცი გაკვირვებული დარჩა ტრამპის სიტყვებით, თუმცა მალევე მიხვდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა პუტინის მიმართ მოთმინება დაკარგა. ორი მაღალჩინოსნის მიხედვით, ტრამპმა მერცს უთხრა, რომ ახლა მზად იყო, მიეღო რამდენიმე დღის წინ მის მიერ შეთავაზებული წინადადება, რომელიც გერმანიის დაფინანსებით უკრაინისთვის ამერიკული Patriot-ის სისტემების შესყიდვას გულისხმობდა.

"ამას ჩვენივე ინტერესიდან გამომდინარე ვაკეთებთ," განაცხადა ფრიდრიხ მერცმა 15 ივლისს. მან დაამატა, რომ ახლა აშშ და ევროპა თანხვედრაში არიან. "ეს უკრაინას დაეხმარება, რუსეთის მხრიდან დაბომბვის ტერორის კამპანიის წინააღმდეგ თავი დაიცვას. მხოლოდ ამ გზით გაიზრდება მოსკოვზე წნეხი, რომ საბოლოოდ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს."