გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს ეჭვი ეპარება უკრაინის ევროკავშირში 2034 წლამდე გაწევრიანების შესაძლებლობაში. როგორც მან აღნიშნა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაწევრიანება აისახება ევროკავშირის საშუალოვადიან ფინანსურ პერსპექტივაზე, რომელიც 2034 წლამდეა გათვლილი.

ამის შესახებ გერმანიის ლიდერმა ბერლინში რუმინეთის პრეზიდენტთან, ნიკუშორ დანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„უპირველესად და უმთავრესად, ჩვენთვის აბსოლუტურად მთავარი პრიორიტეტია, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია ამ ომის დასასრულებლად. შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ უკრაინის აღდგენაზე. რა თქმა უნდა, ეს იქნება დაკავშირებული პროცესთან, რომლის დასრულებისას უკრაინა შეძლებს, გახდეს ევროკავშირის წევრი. ამას რამდენიმე წელი დასჭირდება. როგორც ვთქვი, პრიორიტეტია ომის დასრულება, უკრაინის აღდგენა და შემდეგ ეს ყველაფერი ჩართული იქნება გაწევრიანების პერსპექტივაში. ეს სავარაუდოდ ჯერ პირდაპირ არ აისახება ამ გეგმაზე, ევროკავშირის საშუალოვადიან ფინანსურ პერსპექტივაზე“, – აღნიშნა მერცმა.

აღსანიშნავია, რომ თებერვალში კიევში ვიზიტისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია, გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წლამდე, თუ ქვეყანა რეფორმებს ამჟამინდელი ტემპითა და ხარისხით გააგრძელებს.
მიმდინარე კვირას ევროკომისიამ წარადგინა ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 1,8 ტრილიონი ევროს ოდენობის არის, რაც წინა ბიუჯეტთან შედარებით, ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას გულისხმობს. გერმანიის მთავრობამ ევროკომისიის პროექტი გააკრიტიკა.

თარგმანი: პირველი არხი