გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის პოზიციის ცვლილებისთვის მადლიერია.
„დადასტურდა, რომ ევროპულ ერთიანობასა და მონდომებას ნამდვილად შეუძლია ცვლილებების შეტანა. ძალიან მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა თავი შეიკავა გრენლანდიის მიტაცების თავდაპირველი გეგმებისგან და ასევე მადლიერი ვარ, რომ მან თავი შეიკავა დამატებითი ტარიფების დაწესებისგან პირველ თებერვალს. ეს ყველაფერი ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, რათა ვიპოვოთ გზა ერთად წინსვლისთვის იმ რთულ დროს, რომელსაც უდავოდ, ახლა განვიცდით. ევროკავშირს, ნატო-ს ევროპულ ნაწილს, უნდა შეეძლოს საკუთარი თავის დაცვა და ჩვენ ამისკენ მივდივართ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ შორს ვართ ყველაფრის მიღწევისგან, რაც გვჭირდება. და მეორე: ჩვენ გვსურს ევროპაში კონკურენტუნარიანი ეკონომიკა გვქონდეს. ყველამ უნდა შევიტანოთ წვლილი ამაში, გერმანიაც მონაწილეობს ამაში“,- განაცხადა მერცმა ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების საგანგებო სამიტის დაწყებამდე.
მისივე თქმით, ნატო არის „ყველაზე წარმატებული პოლიტიკური ალიანსი, რომელიც ოდესმე ევროპასა და ამერიკას შორის არსებობდა“.
„ჩვენ ის 75 წლის განმავლობაში ავაშენეთ, ეს არის ყველაზე წარმატებული პოლიტიკური ალიანსი, რაც კი ოდესმე არსებობდა ევროპასა და ამერიკას შორის. ეს არ არის წმინდა სამხედრო ალიანსი, არამედ პოლიტიკური ალიანსი. ეს არის დამაკავშირებელი რგოლი ევროპასა და ამერიკას შორის. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ალიანსის შენარჩუნებას. მაგრამ ასევე ვიცი, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებისთვის. ამერიკის პრეზიდენტი სინამდვილეში მართალია ამ საკითხში და ეს არაერთხელ გვითქვამს. სხვათა შორის, მისი წინამორბედებიც ასე ფიქრობდნენ. ახლა ჩვენ ამას ვაკეთებთ. ივნისში, ჰააგაში ძალიან წარმატებული ნატო-ს სამიტი გვქონდა. ნატო-ს ევროპული ელემენტიც ახლა ძლიერდება, მისი თავდაცვითი შესაძლებლობები. ჩვენ ყველანი გაცილებით მეტ ფულს ვხარჯავთ, რადგან საკუთარი თავის დაცვა გვიწევს, მაგრამ ჩვენ მიზანს მივაღწევთ“,- განაცხადა მერცმა.
თარგმანი: პირველი არხი







