ჩვენ გვსურს, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია, თუ ეს შესაძლებელია. გრენლანდიას და დანიას შეუძლიათ, ჩვენი სოლიდარობის იმედი ჰქონდეთ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
"მსოფლიოში ცვლილებები მიმდინარეობს და ჩვენ უნდა შევეგუოთ ამას. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ აშშ-თან მოლაპარაკებებს და ამ მოლაპარაკებების საფუძველი ყოველთვის უნდა იყოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები", – განაცხადა მერცმა.
მერცმა აღნიშნა, რომ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, დონალდ ტრამპთან აღნიშნულ საკითხზე საუბარს გეგმავს.
გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია, უპასუხოს სხვადასხვა ზომით, თუ საჭირო გახდება, მაგრამ არ სურს და იმედოვნებს, რომ საკითხი დიპლომატიური გზით მოგვარდება. მისივე თქმით, ტრამპს არაერთხელ გაუჟღერებია ტარიფებით მუქარა და ხშირად ეს მუქარა სისრულეში მოჰყავს, მაგრამ მისი გადარწმუნება ზოგჯერ შესაძლებელია.
"ჩვენ არ გვინდა ესკალაცია. ჩვენ არ გვინდა სავაჭრო დავა შეერთებულ შტატებთან, მაგრამ თუ ჩვენ წინაშე აღმოჩნდება ტარიფები, რომლებსაც არაგონივრულად მივიჩნევთ, მაშინ შეგვიძლია, რეაგირება მოვახდინოთ", – განაცხადა მერცმა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი განხილული იქნება ხუთშაბათს, ევროკავშირის საგანგებო სამიტზე.




