გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, ირანის ხელისუფლების "დღეები დათვლილია". ამის შესახებ მერცმა რუმინეთის პრემიერთან, ილიე ბოლოიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"რეჟიმს, რომელსაც ხელისუფლებაში დარჩენა მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობისა და ტერორის მეშვეობით შეუძლია, დღეები დათვლილი აქვს.

შესაძლოა ამას კვირები დასჭირდეს, მაგრამ ამ რეჟიმს ქვეყნის მართვის ლეგიტიმაცია არ აქვს". - თქვა მერცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა მხარდაჭერა გამოთქვა იტალიის მცდელობის მიმართ, რომ ევროკავშირმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC)  ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ევროკავშირში ჯერ კიდევ არის ერთი ან ორი ქვეყანა, რომლებიც კვლავ არ არიან ამისთვის მზად". - დაამატა მერცმა.