კიევს შეუძლია, ევროპის ურყევ მხარდაჭერას დაეყრდნოს, ევროპა მზადაა, რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
"ევროპაში მჭიდრო კოორდინაცია არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღეს. ჩვენ არ შევამცირებთ ჩვენს ძალისხმევას უკრაინაში მდგრადი და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ ვაგრძელებთ მოსკოვზე ზეწოლის გაზრდას. კიევს შეუძლია დაეყრდნოს ევროპის ურყევ მხარდაჭერას. ევროპა მზადაა, უკრაინასთან, რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს", – განაცხადა მერცმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის შესაძლო მონაწილეობაზე რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესში, მერცმა პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ, უპირველესად, რუსეთმა უნდა აჩვენოს მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი შუამავლის დანიშვნა.
"ჯერჯერობით რუსეთი ყველა სამშვიდობო ინიციატივას უფრო სასტიკი თავდასხმებით პასუხობს, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით", – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთისა და უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების პროცესში გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი განიხილებოდა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად. თავად მერკელმა მოლაპარაკებების შუამავლის როლზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ ასეთ მიდგომას მართებულად არ მიიჩნევს. მისი თქმით, მსგავსი საკითხები პირდაპირი გზით უნდა გადაწყდეს.








