ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ფინეთმა მიაღწიეს შეთანხმებას ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკული შეიარაღების განთავსების შესახებ.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის ცნობით, თავდაცვის მინისტრი, ატი ჰაკიანენი შესაბამის შეთანხმებას ხელს 18 დეკემბერს მოაწერს.
"ეს არის მსოფლიოს უძლიერესი არმიისგან მიღებული გარანტია, რომ ისინი მზად არიან ჩვენს დასაცავად. ნატოს წევრობის გარდა ეს ჩვენი მეზობლისთვის დამატებითი შემაკავებელი ფაქტორი იქნება. ვერავინ ვერ უნდა გაბედოს ფინეთზე სამხედრო წნეხი ან ვითარების დესტაბილიზაცია",- განაცხადა ჰაკიანენმა.
ფინეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში გააუმჯობესა ნორდიკული ქვეყნებისა და კონტინენტური ევროპის ურთიერთობები და ფინეთი საიმედოდ არის დაცული.
ჰაკიანენის თქმით, ვაშინგტონ მიღწეული შეთანხმება არ გამორიცხავს ბირთვული შეიარაღების განთავსებას, თუმცა დასძინა, რომ ამას ფინეთის კანონმდებლობა არეგულირებს - ფინეთში აკრძალულია ბირთვული შეიარაღების შენახვა და ტრანსპორტირებას.
ამასთანავე ზუსტად არ არის გაწერილი ამერიკული კონტინგენტის რიცხვი, რომლებიც ფინეთში განთავსდებიან - შეთანხმების მიხედვით მათი რიცხვი ორმხრივი თანხმობის საფუძველზე შეიცვლება.
ფინეთში უკვე გაიხსნა ამერიკული შეიარაღებისთვის განკუთვნილი 15 სამხედრო ობიექტი.