ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აგრძელებს. როგორც დიპლომატმა სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა, ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნები შეუერთდნენ მის მიმართვას.

"არასწორია, რომ რუსებს შეუძლიათ ევროპაში მოგზაურობა, რათა აქ ცხოვრების წესითა და თავისუფლებებით ისიამოვნონ, მაშინ როდესაც მათი ქვეყანა უკრაინელების სახლებს ბომბავს,“ — განაცხადა ვალტონენმა. — "ფინეთმა რუსებისთვის არაარსებითი მოგზაურობისთვის ვიზების გაცემა ჯერ კიდევ 2022 წელს აკრძალა. საბოლოოდ, იგივე უნდა მოხდეს ევროკავშირის დონეზეც".

გარდა ამისა, ელინა ვალტონენმა მოუწოდა, რომ აიკრძალოს შენგენის ვიზების გაცემა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაახლოებული პირებისთვის, დაწესდეს შეზღუდვები რუსი სპორტსმენებისთვის ვიზების გაცემაზე და ეფექტურად ამოქმედდეს უკრაინის წინააღმდეგ ომის რუსი მონაწილეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვა. "ევროკავშირის ქვეყნები ერთად უნდა მოქმედებდნენ", — ხაზგასმით აღნიშნა მან.

მანამდე, სექტემბერში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ასევე განაცხადა, რომ "მოსკოვის ჰიბრიდული შეტევების" საპასუხოდ, ევროკავშირმა კრემლის წინააღმდეგ შეზღუდვები უნდა გაამკაცროს, მათ შორის, ტურისტული ვიზების რაოდენობა შეამციროს.

თავის მხრივ, ესტონეთი გამოვიდა ინიციატივით, რომ ვიზები აეკრძალოთ უკრაინის წინააღმდეგ ომის რუს ყოფილ მონაწილეებს. ამ ზომას მოგვიანებით ბალტიის რეგიონისა და ჩრდილოეთ ევროპის სხვა ქვეყნებმაც დაუჭირეს მხარი.

ივნისში ევროკავშირის ქვეყნების ჯგუფმა ერთობლივი მოწოდება წამოაყენა, შეწყდეს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ამ ქვეყნების მიერ ხელმოწერილ წერილში აღნიშნული იყო, რომ 2025 წელს რუსეთის მოქალაქეებზე შენგენის ზონის 29 ქვეყანაში ვიზიტისთვის 470 000 ვიზა გაიცა. ამ ვიზებიდან მრავალი მრავალჯერადი შესვლის უფლებას იძლეოდა, იუწყება სააგენტო AFP.

ავსტრიის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 ოქტომბერს ევროკავშირის საბჭოში რუსეთის მიმართ სავიზო პოლიტიკის განხილვაა დაგეგმილი.