ფინეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს, – ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო.
"ეს არის მე-17 სამხედრო დახმარების პაკეტი ფინეთიდან უკრაინაში. იგი სხვა საშუალებებთან ერთად მოიცავს უფრო მეტ საზენიტო იარაღსა და საბრძოლო მასალას“, - იუწყება ფინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
ფინეთის მიერ უკრაინას მიწოდებული სამხედრო დახმარების პაკეტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 1,2 მილიარდ ევროს შეადგენს.
„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად. ომის შედეგი განსაზღვრავს ევროპისა და ფინეთის უსაფრთხოების წესრიგს ათწლეულების განმავლობაში, ამიტომ უკრაინის მხარდაჭერა ფინეთის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია“, - ამბობს ფინეთის თავდაცვის მინისტრი ანტი ჰაკანენი.
ფინეთის თავდაცვის სამინისტრო დასძენს, რომ ოპერატიული მიზნებიდან გამომდინარე და დახმარების უსაფრთხო მიწოდების უზრუნველსაყოფად, დამატებითი ინფორმაცია არ იქნება მოწოდებული დახმარების კონკრეტული შინაარსის, მიწოდების მეთოდის ან გრაფიკის შესახებ.
მაისში ფინეთმა უკრაინას 109 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცა.