ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
პირკანმაას რაიონულმა სასამართლომ 1996 წელს დაბადებული ჯესი ნიკო კრისტიან ერკონენი ასზე მეტ სექსუალურ და სხვა დანაშაულში ცნო დამნაშავედ და მას 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქმის ირგვლივ სასამართლო სხდომები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, განაჩენი კი ღია პროცესზე გამოცხადდა. ბრალდებული განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა. მან სახეზე ხელი და მაისური აიფარა, - წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პორტალი.
yle-ს ცნობით, პირკანმაას რაიონულმა სასამართლომ ცხრა ბრალდებ უარყო მტკიცებულებების არარსებობის ან ვადის გასვლის გამო. მაგალითად, სასამართლომ მოხსნა ბრალდებები დამამძიმებელ გარემოებაში გაუპატიურების და გაუპატიურების გამო იმ მიზეზით, რომ არ მოხერხდა ბრალდების მხარის მიერ მსხვერპლად მიჩნეულ პირთა ალკოჰოლური თრობის ხარისხის დადგენა.
სასამართლოს მიერ დადასტურებულად მიჩნეული დანაშაულების მსხვერპლნი ძირითადად 10-იდან 17 წლამდე ასაკის გოგონები იყვნენ. დანაშაულები ხდებოდა როგორც დისტანციურად, რა დროსაც ერკონენი მსხვერპლს თამბაქოს და კანაბისის სანაცვლოდ გარკვეულ პოზებში სურათების გადაღებას და გადაგზავნას სთხოვდა, ისე პირისპირ შეხვედრის დროს. yle-ს გადმოცემით, ასეთ დროს ერკონენი მის მიერ სპორტულ მოედანზე შეკრებილი ბავშვების თვალწინ მასტრუბირებდა, ზოგ შემთხვევაში კი მათ არა მხოლოდ ფიზიკურად ეხებოდა, არამედ სექსუალურ კავშირსაც ამყარებდა. როგორც წესი, დამნაშავე მსხვერპლს ემუქრებოდა, რომ თუ ჩუმად არ იქნებოდნენ და მის შესახებ განაცხადებდნენ, იგი მათ ფოტოებს ინტერნეტით გაავრცელებდა.
yle აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესების მსვლელობისას ერკონენი თავს დამნაშავედ არ თვლიდა (ამბობდა, რომ ეკითხებოდა, იყვნენ თუ არა 16 წლის ასაკის) ან აცხადებდა, რომ არ ახსოვდა ფაქტის შესახებ. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მან მსხვერპლის ასაკი ან წინასწარ იცოდა (სოციალური ქსელიდან), ან შემდეგ პირადად მსხვერპლისგან შეიტყო არასრულწლოვნობის შესახებ, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. აღსანიშნავია, რომ მსხვერპლთა შორის 13 წლამდე ასაკის ბავშვებიც არიან, რაც, yle-ს განმარტებით, დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა.
ადვოკატი იური კილპი, რომელ პროცესზე 40-მდე მსხვერპლის ინტერესის დამცველი იყო, აცხადებს, რომ ფინური კანონი ზედმეტად ლმობიერია.
მხოლოდ მძიმე დანაშაულებზე სასჯელის შეკრებით მას 50 წელი ეკუთვნოდა, მაგრამ ფინეთში მაქსიმალური სასჯელი 13 წელია. ამერიკაში მას 100 წელს მიუსჯიდნენ, - ამბობს იგი.
პროკურატურა მინიმუმ 11 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, - წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პორტალი.